საზოგადოებასთან თანამშრომლობისა და ჩართულობის აქტივობები: უნივერსიტეტებისა და თემის დაკავშირება
2025 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში საქართველოში და სიერა-ლეონეში პერსონალის გადამზადების შემდეგ, პარტნიორმა უნივერსიტეტებმა განახორციელეს თემთან ჩართულობის 27 აქტივობა, რითაც გადააჭარბეს თავდაპირველად განსაზღვრულ 16 აქტივობას და 3000-ზე მეტ მონაწილეს მიაღწიეს.
გადამზადებული უნივერსიტეტის თანამშრომლების ხელმძღვანელობითა და სტუდენტების, სკოლების, სათემო ჯგუფებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით განხორციელებული აქტივობები მოიცავდა საგანმანათლებლო, სოციალურ, გარემოსდაცვით, ჯანდაცვის, გენდერულ და საზოგადოების განვითარების საჭიროებათა ფართო სპექტრს. მათ უნივერსიტეტებს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება რეალური სათემო გამოწვევების გადასაჭრელად გამოეყენებინათ და ამავდროულად გაეძლიერებინათ თანამშრომლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებას შორის.
აღნიშნულმა ინიციატივებმა ხელი შეუწყო ENHANCE-GSL პროექტის მიზნების მიღწევას თემთან ჩართულობის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და პროექტის შედეგების პარტნიორ უნივერსიტეტებში ინტეგრაციის მხარდაჭერის გზით. მან ასევე შექმნა საფუძველი თემთან ჩართულობის საუნივერსიტეტო პრაქტიკაში დამკვიდრებისა და უნივერსიტეტებსა და საზოგადოებებს შორის პარტნიორობის შენარჩუნების პროექტის დაფინანსების პერიოდის დასრულების შემდეგაც კი.
მაკენის უნივერსიტეტმა (UNIMAK) და სიერა-ლეონეს უნივერსიტეტის ფურა-ბეის კოლეჯმა (FBC-USL) ხელი შეუწყვეს თემთან ჩართულობის გაძლიერებას უნივერსიტეტების ცოდნისა და გამოცდილების ადგილობრივ საჭიროებებთან დაკავშირების გზით. აქტივობები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა წიგნიერება, ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, გარემოსდაცვითი მდგრადობა, მეწარმეობა და ქალთა ლიდერობა. სტუდენტების მონაწილეობამ ხელი შეუწყო აკადემიური ცოდნისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის დაკავშირებას, ამავდროულად კი განავითარა მათი კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, ლიდერობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის უნარები. ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობამ კიდევ უფრო გააძლიერა კავშირები უნივერსიტეტებსა და იმ საზოგადოებებს შორის, რომლებსაც ისინი ემსახურებიან. აღნიშნული ინიციატივები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო თემთან ჩართულობის საუნივერსიტეტო პრაქტიკაში დამკვიდრებისა და პროექტის დასრულების შემდეგ მისი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
მეწარმეობა და უნარების განვითარება
2026 წლის 12–14 თებერვალს მაკენის უნივერსიტეტმა (UNIMAK), სიერა-ლეონეში, განახორციელა საზოგადოებასთან თანამშრომლობის აქტივობა „მეწარმეობა და უნარების განვითარება“. აქტივობის კოორდინატორი იყო ფოდეი ავგუსტინ ბანგურა, ხოლო მხარდაჭერას უწევდნენ მეუფე დოქტორი ჯორჯ პ. ე. გბამანჯა, აბრაამ სესეი და ვიქტორია იშა ბანგურა. აქტივობაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ხუთი თანამშრომელი, 15 სტუდენტი ფასილიტატორი, საზოგადოების ხუთი პარტნიორი და დაახლოებით 1 200 ბენეფიციარი.
აქტივობის მიზანი იყო ახალგაზრდებსა და ქალებში მეწარმეობის, ფინანსური წიგნიერების, დასაქმებისთვის საჭირო უნარებისა და პრაქტიკული საარსებო უნარების გაძლიერება. საჭიროებების შეფასების შემდეგ პროგრამა აერთიანებდა სამუშაო შეხვედრებს, ქოუჩინგსა და თანატოლთა მენტორობას. სწავლების მეთოდები მორგებული იყო მონაწილეთა წიგნიერების განსხვავებულ დონესა და პრაქტიკულ საჭიროებებზე. მაკენის უნივერსიტეტის სტუდენტები მხარს უჭერდნენ სესიების ჩატარებას, უზიარებდნენ მონაწილეებს ცოდნას და უშუალოდ მუშაობდნენ საზოგადოებრივ ჯგუფებთან, რითაც იღებდნენ გამოცდილებას ფასილიტაციის, კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, ქოუჩინგისა და საზოგადოებასთან თანამშრომლობის მიმართულებით.
ინიციატივამ მონაწილეებს შეუქმნა დასაქმებისა და საარსებო საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობა და ამავდროულად ხელი შეუწყო პროგრამის დაგეგმვაში მათ მონაწილეობას. მან ასევე გააძლიერა თანამშრომლობა მაკენის უნივერსიტეტს, ახალგაზრდებისა და ქალების ჯგუფებს, მეწარმეობის ჰაბებს, კომერციისა და მენეჯმენტის ფაკულტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციების პარტნიორებს შორის. მიღებულმა გამოცდილებამ წარმოაჩინა მონაწილეობაზე დაფუძნებული სწავლების, სტუდენტების სათანადო მომზადებისა და პარტნიორობის მნიშვნელობა ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული საზოგადოებრივი აქტივობების განხორციელებისა და ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობისთვის.
სტუდენტების მიერ ინიცირებული საზოგადოებრივი წიგნიერებისა და სასწავლო მხარდაჭერის პროგრამა
2026 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით მაკენის უნივერსიტეტმა (UNIMAK), სიერა-ლეონეში, განახორციელა აქტივობა „სტუდენტების მიერ ინიცირებული საზოგადოებრივი წიგნიერებისა და სასწავლო მხარდაჭერა“. აქტივობის კოორდინატორი იყო ფოდეი ავგუსტინ ბანგურა, ხოლო მხარდაჭერას უწევდნენ მეუფე დოქტორი ჯორჯ პ. ე. გბამანჯა, აბრაამ სესეი და ვიქტორია იშა ბანგურა. აქტივობაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის სამი თანამშრომელი, 12 სტუდენტი რეპეტიტორი, საზოგადოების ორი პარტნიორი და მაკენის მიმდებარე სოფლის თემებში მცხოვრები 300 მოსწავლე.
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო მხარდაჭერის უზრუნველყოფა და სწავლისადმი მათი თავდაჯერებულობისა და ჩართულობის გაძლიერება. მონაწილე სკოლებთან, მასწავლებლებსა და მშობლებთან თანამშრომლობით, მაკენის უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველკვირეულად ატარებდნენ გაკვეთილების შემდგომ მეცადინეობებს, კითხვის აქტივობებს, წიგნიერებისა და მათემატიკური უნარების განმავითარებელ სავარჯიშოებს, საშინაო დავალებების შესრულების მხარდაჭერის სესიებს, მცირე ჯგუფებში სწავლებასა და მენტორობის შეხვედრებს. სტუდენტმა რეპეტიტორებმა მიიღეს ინსტრუქციები ბავშვთა დაცვის, ეთიკური ჩართულობის, გაკვეთილების დაგეგმვისა და კომუნიკაციის შესახებ. მათ მუშაობას ზედამხედველობდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, ხოლო მხარდაჭერას უწევდა სკოლის პერსონალი.
ინიციატივამ მოსწავლეებს მისცა ძირითადი უნარების პრაქტიკაში გამოყენებისა და ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო მხარდაჭერის მიღების დამატებითი შესაძლებლობები. უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კი ეს იყო პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალება სწავლების, მენტორობის, ლიდერობის, გუნდური მუშაობისა და საზოგადოებასთან თანამშრომლობის მიმართულებით. აქტივობამ ასევე გააძლიერა მაკენის უნივერსიტეტსა და მონაწილე სკოლებს შორის თანამშრომლობა და წარმოაჩინა, თუ როგორ შეიძლება სტუდენტების მიერ ინიცირებულმა აქტივობებმა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ადგილობრივ საგანმანათლებლო საჭიროებებს დაუკავშიროს და ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას.
სტუდენტების ინიციატივით განხორციელებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცნობიერებისა და ადვოკატირების პროგრამა
2026 წლის 4 აპრილს მაკენის უნივერსიტეტმა (UNIMAK), სიერა-ლეონეში, განახორციელა აქტივობა „სტუდენტების ინიციატივით განხორციელებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცნობიერებისა და ადვოკატირების პროგრამა“. აქტივობის კოორდინატორი იყო მეუფე დოქტორი ჯორჯ პ. ე. გბამანჯა, ხოლო მხარდაჭერას უწევდნენ ფოდეი ავგუსტინ ბანგურა, აბრაამ სესეი და ვიქტორია იშა ბანგურა. აქტივობაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ოთხი თანამშრომელი, 16 სტუდენტი ჯანმრთელობის ელჩი, საზოგადოების ოთხი პარტნიორი და 120 ბენეფიციარი.
აქტივობის მიზანი იყო ჯანმრთელობის პრევენციული პრაქტიკის პოპულარიზაცია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. სამედიცინო სფეროს პროფესიონალებთან და თემის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ, სტუდენტები ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების აქტივობებში მონაწილეობდნენ. განხილული საკითხები მოიცავდა სანიტარიას, კვებას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას, დედათა ჯანმრთელობასა და დაავადებების პრევენციას. ჯანმრთელობის შესახებ კომუნიკაციის, ეთიკისა და საზოგადოების მობილიზების მიმართულებით მიღებული ინსტრუქციების საფუძველზე, სტუდენტები სამედიცინო სფეროს პროფესიონალებსა და თემის ლიდერებთან ერთად ავრცელებდნენ შესაბამის ინფორმაციას მარტივი, გასაგები და კულტურულად მისაღები ფორმით.
ინიციატივამ საზოგადოების წევრებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცოდნის მიღებისა და სტუდენტ ჯანმრთელობის ელჩებსა და სამედიცინო სფეროს პროფესიონალებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მისცა. მაკენის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აქტივობამ შექმნა პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ჯანმრთელობის საკითხებზე კომუნიკაციის, საჯარო გამოსვლის, ადვოკატირების, გუნდური მუშაობისა და საზოგადოების მობილიზების მიმართულებით. მან ასევე გააძლიერა თანამშრომლობა უნივერსიტეტს, სამედიცინო დაწესებულებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სტუდენტურ ჯანმრთელობის კლუბებსა და თემის ლიდერებს შორის და წარმოაჩინა პარტნიორობის მნიშვნელობა ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და უფრო ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობაში.
ქალთა ლიდერობისა და ერის მშენებლობის ინიციატივა (WLNBI): ახალგაზრდა ქალების გაძლიერება ლიდერობის, შთაგონებისა და საზოგადოების გარდაქმნისთვის
2026 წლის 15–16 აპრილს სიერა-ლეონეს უნივერსიტეტის ფურა-ბეის კოლეჯმა განახორციელა ინიციატივა „ქალთა ლიდერობისა და ერის მშენებლობის ინიციატივა (WLNBI): ახალგაზრდა ქალების გაძლიერება ლიდერობის, შთაგონებისა და საზოგადოების გარდაქმნისთვის“. ორდღიანი აქტივობის კოორდინაციას უწევდა ორი ქალი ლექტორი და ერთი ქალი ადმინისტრაციული თანამშრომელი, რომლებიც მენტორების, ტრენერებისა და ფასილიტატორების როლს ასრულებდნენ. ინიციატივაში მონაწილეობდა პოლიტიკურ მეცნიერებათა და მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევების დეპარტამენტების 22 სტუდენტი ქალი.
თემის — „გაძლიერდი, იყავი ლიდერი, შთააგონე, გარდაქმენი“ — ფარგლებში ინიციატივის მიზანი იყო ახალგაზრდა ქალებში ლიდერული შესაძლებლობების გაძლიერება და საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში მათი აქტიური მონაწილეობის წახალისება. ლიდერობის სესიების, ინტერაქტიული აქტივობებისა და მენტორობის მეშვეობით მონაწილეებმა აიმაღლეს თავდაჯერებულობა, გააძლიერეს კომუნიკაციის, საჯარო გამოსვლისა და კრიტიკული აზროვნების უნარები. პროგრამამ ასევე წაახალისა თვითშემეცნება, ხელი შეუწყო გენდერულ ინკლუზიასა და თანასწორობას და გააძლიერა მხარდამჭერი ურთიერთობები სტუდენტ ქალებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს შორის.
ინიციატივამ გააძლიერა მონაწილეთა ლიდერული უნარები, აუმაღლა თავდაჯერებულობა და გაზარდა ცნობიერება ქვეყნის განვითარებაში საკუთარი პოტენციური როლის შესახებ. მან ასევე შექმნა მენტორობისა და თანატოლთა მხარდაჭერის ქსელები, რომლებიც პროგრამის დასრულების შემდეგაც ხელს შეუწყობს სტუდენტების აკადემიურ და პიროვნულ განვითარებას.
სტუდენტ ქალებსა და გამოცდილ უნივერსიტეტის თანამშრომლებს შორის კავშირების დამყარებით და ლიდერულ ინიციატივებში მათი ჩართულობის წახალისებით, აქტივობამ ხელი შეუწყო ქალთა გაძლიერებას, გენდერულ თანასწორობასა და მომავალი ქალი ლიდერების განვითარებას ფართო საზოგადოებაში.
სტუდენტების ინიციატივით განხორციელებული გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ინიციატივა
2026 წლის 25 აპრილს მაკენის უნივერსიტეტმა (UNIMAK), სიერა-ლეონეში, განახორციელა თემთან ჩართულობის აქტივობა სტუდენტების ინიციატივით განხორციელებული გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ინიციატივა “. აქტივობის კოორდინატორი იყო ფოდეი ავგუსტინ ბანგურა, ხოლო მხარდაჭერას უწევდნენ მეუფე დოქტორი ჯორჯ პ. ე. გბამანჯა, აბრაამ სესეი და ვიქტორია იშა ბანგურა. აქტივობაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ორი თანამშრომელი, 18 სტუდენტი მოხალისე, საზოგადოების 10 პარტნიორი და 90 ბენეფიციარი.
აქტივობის მიზანი იყო მაკენის მიმდებარე თემებში გარემოს სისუფთავის, ნარჩენების მართვისა და კლიმატის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. ადგილების შეფასებისა და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ, სტუდენტები მონაწილეობდნენ თემის დასუფთავების ღონისძიებებში, ნარჩენების მართვის შესახებ საგანმანათლებლო აქტივობებსა და ხეების დარგვაში. საველე სამუშაოების დაწყებამდე მონაწილეებს მიეწოდათ უსაფრთხოების ინსტრუქციები და ჩატარდა რისკების შეფასება, ხოლო თემის ლიდერები ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენასა და მოსახლეობის ჩართულობის წახალისებაში მონაწილეობდნენ.
ინიციატივამ ხელი შეუწყო საერთო საზოგადოებრივი სივრცეების გაუმჯობესებასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მაკენის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აქტივობამ შექმნა პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა გუნდური მუშაობის, ლიდერობის, პრობლემების გადაჭრის, საზოგადოების მობილიზებისა და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობის მიმართულებით. მან ასევე გააძლიერა თანამშრომლობა უნივერსიტეტს, გარემოს დაცვის სააგენტოს, ადგილობრივ საბჭოებს, სტუდენტურ გარემოსდაცვით კლუბებს, საზოგადოებრივ სამოქმედო ჯგუფებსა და თემის ლიდერებს შორის. პრაქტიკული გარემოსდაცვითი მოქმედებების, საზოგადოების მონაწილეობასა და განათლებასთან გაერთიანებით, ინიციატივამ ხაზი გაუსვა საერთო პასუხისმგებლობისა და ადგილობრივი ჩართულობის მნიშვნელობას უფრო სუფთა, ჯანსაღი და მწვანე თემების შესანარჩუნებლად.
ფურა-ბეის კოლეჯის განათლების მხარდაჭერისა და წიგნიერების განვითარების პროგრამა (FBC-ESLEP): უწყვეტი სწავლის საფუძვლების გაძლიერება
2026 წლის 28 აპრილს სიერა-ლეონეს უნივერსიტეტის ფურა-ბეის კოლეჯმა განახორციელა პროგრამა „ფურა-ბეის კოლეჯის განათლების მხარდაჭერისა და წიგნიერების განვითარების პროგრამა (FBC-ESLEP): უწყვეტი სწავლის საფუძვლების გაძლიერება“. ინიციატივაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ოთხი თანამშრომელი, ცხრა სტუდენტი, საზოგადოების სამი პარტნიორი და ხუთი ბენეფიციარი. პროგრამამ გააერთიანა უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები განათლების განვითარების მხარდასაჭერად.
პროგრამის მიზანი იყო მიმდებარე დაწყებით და საშუალო სკოლებში მოსწავლეთა წიგნიერების, მათემატიკური უნარებისა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების გაძლიერება. ინიციატივა ხელს უწყობს უნივერსიტეტის ლექტორებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობას ისეთი აქტივობების მეშვეობით, როგორიცაა კითხვისა და წერის უნარების განვითარება, ამბების თხრობა, კითხვის კლუბები, თანატოლთა რეპეტიტორობა, გაკვეთილების შემდეგ დამატებითი სწავლება და საკლასო სწავლების პროცესში დახმარება. უნივერსიტეტის სტუდენტები აკადემიურ ცოდნას პრაქტიკულ საგანმანათლებლო გარემოში იყენებენ და აკადემიური პერსონალის ზედამხედველობით მასწავლებლებთან ერთად მუშაობენ მოსწავლეთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და სასწავლო პროცესში მათი აქტიური მონაწილეობის წასახალისებლად.
ინიციატივა აძლიერებს სკოლებსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას და უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს ღირებულ პრაქტიკულ გამოცდილებას სწავლების, კომუნიკაციის, საკლასო ოთახის მართვის, მენტორობისა და გუნდური მუშაობის მიმართულებით. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს მოსწავლეთა წიგნიერებისა და მათემატიკური უნარების გაუმჯობესებას, მათი თავდაჯერებულობის გაძლიერებას და კითხვისა და უწყვეტი სწავლის კულტურის ჩამოყალიბებას. სკოლებისა და ადგილობრივი თემების საგანმანათლებლო მხარდაჭერაში ჩართვით, პროგრამა ხელს უწყობს სწავლისთვის საერთო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას და უნივერსიტეტსა და მის გარშემო არსებულ თემებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას.
ფურა-ბეის კოლეჯის სამოქალაქო განათლებისა და მმართველობის საკითხებზე საზოგადოებასთან ურთიერთობის ინიციატივა (FBC-CCEGO): სტუდენტების მიერ პოლიტიკის წინადადებების წარდგენა სამთავრობო სამინისტროებისა და უწყებებისთვის
2026 წლის 1–5 აპრილს და 5 მაისს სიერა-ლეონეს უნივერსიტეტის ფურა-ბეის კოლეჯმა განახორციელა ინიციატივა „ფურა-ბეის კოლეჯის სამოქალაქო განათლებისა და მმართველობის საკითხებზე საზოგადოებასთან ურთიერთობის ინიციატივა (FBC-CCEGO): სტუდენტების მიერ პოლიტიკის წინადადებების წარდგენა სამთავრობო სამინისტროებისა და უწყებებისთვის“. აქტივობის კოორდინატორები იყვნენ ისა მანსარაი, დოქტორი ლეონარდ ბანგურა, ჯოზეფ ნაილანდერი და ლენა ტომპსონი.
ინიციატივის მიზანი იყო სტუდენტების საჯარო პოლიტიკის შემუშავების უნარების გაძლიერება და უნივერსიტეტსა და ქვეყნის მმართველობით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.
ინიციატივის ფარგლებში სტუდენტებმა დამოუკიდებლად შეიმუშავეს პოლიტიკის წინადადებები და უშუალოდ წარუდგინეს ისინი ორ სამთავრობო სამინისტროსა და უწყების წარმომადგენლებს. მონაწილეებმა განმარტეს საკუთარი წინადადებების მიზნები, წარმოადგინეს მათი პოტენციური სარგებელი საზოგადოებისთვის და იმსჯელეს საჯარო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებთან. ამ პრაქტიკულმა მიდგომამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, აკადემიური ცოდნა რეალურ მმართველობით პროცესებთან დაეკავშირებინათ და საჯარო პოლიტიკის შესახებ დისკუსიებში საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ.
აქტივობამ გააძლიერა სტუდენტების კვლევის, პოლიტიკის დოკუმენტების წერის, კრიტიკული აზროვნებისა და საჯარო პრეზენტაციის უნარები და გაზარდა მათი თავდაჯერებულობა სამთავრობო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას. მან ასევე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს პოლიტიკის საკითხებზე ახალგაზრდების ხედვების გაცნობის შესაძლებლობა მისცა და გააძლიერა კავშირები უნივერსიტეტსა და საჯარო ინსტიტუტებს შორის. სტუდენტების მიერ ინიცირებული სამოქალაქო ჩართულობისა და პრაქტიკული სწავლების ხელშეწყობით, პროექტმა წარმოაჩინა უმაღლესი განათლების როლი აქტიური მოქალაქეობის, მმართველობისა და ქვეყნის განვითარების პროცესებში კონსტრუქციული მონაწილეობის წახალისებაში.
უსაფრთხო სივრცის სამუშაო შეხვედრა: ახალგაზრდა ქალების გაძლიერება დიალოგის, მენტორობისა და ერთობლივი განვითარების გზით — აკადემიური მდგრადობის, ლიდერობისა და სოლიდარობის გაძლიერება
2026 წლის 19–20 ივნისს სიერა-ლეონეს უნივერსიტეტის ფურა-ბეის კოლეჯმა გამართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა თემაზე „უსაფრთხო სივრცე: ახალგაზრდა ქალების გაძლიერება დიალოგის, მენტორობისა და ერთობლივი განვითარების გზით — აკადემიური მდგრადობის, ლიდერობისა და სოლიდარობის გაძლიერება“. აქტივობის კოორდინატორები იყვნენ საზოგადოებასთან თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენლები, არიმა ბანგურა და დაიანა მოსერაი. შეხვედრაში მონაწილეობდა 21 სტუდენტი ქალი, ხოლო მხარდაჭერას უზრუნველყოფდა ფურაჰ-ბეის კოლეჯის Cole Heart Centre.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდა ქალების გაძლიერება თავდაჯერებულობის, აკადემიური მდგრადობის, ლიდერული უნარებისა და თანატოლთა მხარდაჭერის ქსელების განვითარების გზით. ინტერაქტიული სავარჯიშოებისა და ფასილიტირებული დისკუსიების მეშვეობით მონაწილეებმა განიხილეს უმაღლეს განათლებაში ქალების წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის აკადემიური დატვირთვა, დაბალი თვითშეფასება, გენდერული სტერეოტიპები და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციური კეთილდღეობის საკითხები. აქტივობები „ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა“ და „მენტორების რუკა“ ხელს უწყობდა თვითრეფლექსიას, ღია დიალოგსა და პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაში მენტორობის როლის გააზრებას. პროგრამა ასევე შეეხო ლიდერობას, მდგრადობას, ერთობლივ განვითარებასა და ქალთა სოლიდარობას. დასასრულს მონაწილეებმა პირადი ვალდებულებები აიღეს, თუ როგორ დაუჭერდნენ მხარს საკუთარ თავს ან სხვა სტუდენტ ქალებს.
სამუშაო შეხვედრამ შექმნა მხარდამჭერი გარემო გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთ სწავლისთვის. მან აამაღლა მონაწილეთა თავდაჯერებულობა, გაზარდა კომუნიკაციის უნარები და მდგრადობა, ასევე ხელი შეუწყო მენტორობასა და ურთიერთმხარდაჭერას. აქტივობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა უნივერსიტეტის როლი სტუდენტთა კეთილდღეობის, ქალთა გაძლიერებისა და აკადემიურ საზოგადოებაში ინკლუზიისა და თანამშრომლობის კულტურის ხელშეწყობაში.