დამატებითი ტრენინგი თანამშრომლებისთვის და სტუდენტებისთვის

ტრენერების ტრენინგის გავლის შემდეგ, პროექტის მონაწილეებმა დამატებითი ტრენინგი ჩაუტარეს უნივერსიტეტის პერსონალსა და სტუდენტებს.

 

საქართველოს უნივერსიტეტი

2026 წლის ივლისში, ENHANCE-GSL პროექტის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტმა (UG) აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტებისთვის თემთან ჩართულობისა (CE) და თემთან თანამშრომლობითი სწავლების (CEL) შესახებ ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგებს უძღვებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ტრენერები, რომლებმაც პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობით გაიღრმავეს ცოდნა და გამოცდილება.

ადმინისტრაციული პერსონალისთვის განკუთვნილი ონლაინ ტრენინგი 1 ივლისს გაიმართა და მას ხუთი მონაწილე დაესწრო. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის კი 14–16 ივლისს ჰიბრიდულ ფორმატში სამ დღიანი ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც 15 მონაწილე იყო ჩართული.

ტრენინგების მიზანი იყო მონაწილეებისთვის უკეთ გაეცნო, თუ როგორ შეუძლიათ უნივერსიტეტებს ადგილობრივ თემებთან ეფექტიანი თანამშრომლობით საზოგადოებრივი საჭიროებების დაკმაყოფილებაში წვლილის შეტანა. აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა განიხილეს, თუ როგორ შეიძლება თემების საჭიროებების გათვალისწინება სწავლებაში, სწავლასა და კვლევაში, ხოლო ადმინისტრაციულმა პერსონალმა ყურადღება გაამახვილა იმ ინსტიტუციურ მხარდაჭერაზე, კოორდინაციასა და პროცედურებზე, რომლებიც უნივერსიტეტსა და საზოგადოებას შორის მდგრადი პარტნიორობის განვითარებას უწყობს ხელს.

პრეზენტაციების, დისკუსიების, პრაქტიკული მაგალითების განხილვის, სიმულაციებისა და რეფლექსიური სავარჯიშოების მეშვეობით მონაწილეები გაეცნენ თემთან ჩართულობის ეფექტიან პრინციპებს, მის სარგებელს უნივერსიტეტებისა და თემებისთვის, ასევე თემთან ჩართულობაზე დაფუძნებული ინიციატივების დაგეგმვისა და შეფასების პრაქტიკულ მიდგომებს.

   

 

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

2026 წლის 1–3 ივლისს, ENHANCE-GSL პროექტის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში (SSOU) ჩატარდა 10-საათიანი ტრენინგი თემაზე: „თემთან ჩართულობა უმაღლეს განათლებაში: კონცეფციები, გავლენა და ინტეგრირება სასწავლო პროგრამების შემუშავებაში“. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 22-მა პირმა, მათ შორის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა და სასწავლო პროცესში ჩართულმა დოქტორანტებმა.

ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის უმაღლეს განათლებაში თემთან ჩართულობის (CE) კონცეფციისა და მნიშვნელობის გაცნობა, ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის პროცესებში მისი როლის განხილვა და სწავლაზე, სწავლებასა და საზოგადოებაზე მისი გავლენის წარმოჩენა. პრეზენტაციების, დისკუსიების, სამუშაო შეხვედრებისა და რეფლექსიური აქტივობების მეშვეობით მონაწილეებმა განიხილეს თემთან ჩართულობის სხვადასხვა მოდელი, შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდები და სასწავლო სილაბუსებსა და პროგრამებში მისი ინტეგრირების გზები.

ტრენინგი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებას თემთან ჩართულობის აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით და მათ ინტეგრირებას სწავლებისა და სწავლის პროცესში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის 2026–2029 წლების სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად.

   

 

სიერა ლეონეს უნივერსიტეტი

   

 

მაკენის უნივერსიტეტი

2026 წლის ივლისში, მაკენის უნივერსიტეტმა (UNIMAK) თემთან ჩართულობის (Community Engagement – CE) საკითხებზე ორი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 20-მა პირმა, მათ შორის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა და სტუდენტებმა.

9 ივლისს ხუთი ადმინისტრაციული თანამშრომლისთვის სამ საათიანი ტრენინგი გაიმართა, რომლის მიზანი უნივერსიტეტსა და ადგილობრივ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის ინსტიტუციური მხარდაჭერის გაძლიერება იყო. მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ შეუძლია ადმინისტრაციულ პოლიტიკას, კოორდინაციას, დოკუმენტაციის წარმოებას, ბიუჯეტირებასა და პარტნიორობების მართვას ხელი შეუწყოს თემთან ჩართულობის საუნივერსიტეტო სისტემებში ინტეგრაციასა და მის გრძელვადიან მდგრადობას.

16 ივლისს ოთხ საათიან ტრენინგში 15 მონაწილე ჩაერთო, მათ შორის ხუთი ლექტორი და ათი სტუდენტი. ტრენინგი ფოკუსირებული იყო უნივერსიტეტსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის პრაქტიკულ მიდგომებზე სწავლების, სწავლის, კვლევისა და საზოგადოებაზე ორიენტირებული სწავლების (Service-Learning) გზით. მონაწილეებმა განიხილეს საზოგადოების საჭიროებების გამოვლენის, ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული პარტნიორობების ჩამოყალიბებისა და რეალურ სოციალურ გამოწვევებზე მორგებული თემთან ჩართულობის პროექტების დაგეგმვის გზები.

პრეზენტაციების, დისკუსიების, შემთხვევების ანალიზის, ჯგუფური მუშაობისა და პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით ორივე ტრენინგმა გააღრმავა მონაწილეთა ცოდნა თემთან ჩართულობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ უმაღლესი განათლების სფეროში. აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავდა მაკენის უნივერსიტეტსა და ადგილობრივ საზოგადოებებს შორის უფრო სისტემური, თანამშრომლობითი და მდგრადი ურთიერთობების ხელშეწყობას.

   

გალერეა
GE EN